სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX)NDT დეფექტოსკოპია, ხარისხის კონტროლის სერვისი
კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის კონდესირებული გაზის უდიდესი საბადოს აღმოჩენამ და განვითარებამ და სამხრეთ კავკასიის გაზსადენმა (SCP) აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა 2006 წლიდან გაზის მთავარი ექსპორტიორი გამხდარიყო. 2006 წლის შემდეგ, აზერბაიჯანელმა, ქართველმა და თურქმა მომხმარებლებმა მთლიანობაში 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღეს.
SCPX-ის შესახებ
უკვე არსებული, 42 დიუმი დიამეტრის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა ფართოვდება. კერძოდ, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის, როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული სიმძლავრეების განვითარება წელიწადში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საქართველო-თურქეთის საზღვართან ექსპორტის მიზნით. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი ქმნის პირველ დამაკავშირებელ რგოლს მილსადენების ჯაჭვში, რომელიც სამხრეთის გაზის ახალ კორიდორს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც მოხდება კასპიის გაზის პირველად ევროპაში გატანა.
სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა დაუკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება 1900 კმ-თ დაშორებულ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.
SCPX-ის მიმოხილვა
სამხრეთ კავკასიის არსებული გაზსადენი იწყება აზერბაიჯანში, სანგაჩალის ტერმინალზე და მიედინება მიწისქვეშა მილსადენით საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი გაზრდის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის არსებულ, 7 მილიარდი კუბური მეტრის წარმადობის სისტემის შესაძლებლობებს რათა 16 მილიარდი კუბური მეტრი დამატებითი გაზის გატარება მოხდეს ახალი, 48 დიუმიანი პარალელური გაზსადენით, რომელიც სამხრეთ კავკასიის არსებული გაზსადენის პარალელურად აშენდება.
სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში იგეგმება მთელი რიგი შენობა-ნაგებობების აშენება, კერძოდ კი, საქართველოში 2 ახალი საკომპრესორო სადგურის, ორი შუალედური დგუშის სადგურის (ერთი აზერბაიჯანსა და ერთიც საქართველოში), ექვსი 48 დიუმიანი ჩამკეტი სარქველის (ერთი საქართველოში და ხუთი აზერბაიჯანში), ხოლო საერთაშორისო საზღვრებზე – წნევის შესამცირებელი და საზომი სადგურების და საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ტრანს-ანატოლიის გაზსადენთან შემაერთებელი სადგურის მშენებლობა. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის განხორციელება დამოკიდებულია უსაფრთხო პროექტირებისა და ხარისხიანი მშენებლობის საერთო კონცეფციაზე.
ჩვენი როლი SCPX-ში
“ინტერ გაზ სერვისი” უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლის მომსახურებას. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არიან მომზადებული და სერტიფიცირებულნი, ახორციელებენ შედუღების უბნების დიაგნოსტიკურ შემოწმებას არა-დესტრუქციული მეთოდით და ამოწმებენ მასალების ხარისხს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.